Skip to main content

ოიდიპოს მეფე - სოფოკლე- ლიტერატურული მიმოხილვა

 ანტიკურ ბერძნულ დრამატურგიაში სამი ტიტანი არსებობს: ესქილე, სოფოკლე და ევრიპიდე. სოფოკლეს შემოქმედება 120 პიესას მოიცავს,  რომელთაგან სრულად მხოლოდ 7 შემორჩა: „აიანტი“, „ანტიგონე“, „ტრაქსიელი ქალები“, „ოიდიპოს მეფე“, „ელექტრა“, „ფილოქტეტე“ და „ოიდიპოსი კოლონოსში“.

            სოფოკლე ძვ. წ . 496 -406 წლებში ცხოვრობდა. წარმოშობით მდიდარი ფენიდან იყო. დრამატურგიის ხელოვნება ესქილესგან ისწავლა. თითქმის ორცმოდაათი წლის განმავლობაში ათენში გამართულ დრამატურგიულ შეჯიბრებებში ყველაზე წარმატებულ ავტორად ითვლებოდა. ოცდაათი შეჯიბრებიდან ოცდაექვსი მოიგო და არასდროს გასულა მეორე ადგილს ქვემოთ.  სოფოკლე ატიკის საზღვაო კავშირის ხაზინდარი, სტრატეგოსი, ასკლეპიოსის კულტის ქურუმმთავარი იყო. აქტიურად ერეოდა პოლიტიკაში.  

„ოიდიპოს მეფე“ და „ანტიგონე“ სოფოკლეს ყველაზე ცნობილი ტრაგედიებია. გაერთიანებულია „თებეს ტრაგედიებში“, თუმცა ორივე ზემოხსენებული სხვადასხვა ტეტრალოგიებში შედის. არისტოტელემ სოფოკლეს მიაწერა გუნდიდან მესამე მსახიობის გამოყვანა, რამაც შეამცირა გუნდის ფუნქცია მოქმედების განვითარების ხაზში, შესაბამისად განავითარა პერსონაჟები ადრინდელ დრამატურგებთან შედარებით.

        სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ ყველა დროის საკრალური პიესაა, რომელშიც მთავარი თემა ბედისწერაა. აქვს თუ არა ადამიანს ბედისწერისგან გაქცევის შესაძლებლობა? უნდა აგოს თუ არა პასუხი იმაზე, რაც არ იცის? ოიდიპოსი საკუთარ ბედს უპირისპირდება, თუმცა „ეშმაკის მანქანის“ წყალობით (როგორც ვოლტერი უწოდებს) ხაფანგში აღმოჩნდება.

            „ოიდიპოს მეფე“ ის პიესაა, რომელმაც დროს გაუსწრო. მაგალითისთვის მხოლოდ ისიც გამოდგება რომ სოფოკლეს მიერ აღმოჩენილ უნიკალურ კომპლექსს ზ. ფროიდმა მხოლოდ XX ს.-ში მიაგნო. ანტიკური თეატრის პრინციპებს წინ უსწრებს შემდეგი ფაქტი: ბედისწერა გარდაუვალია, თუმცა ბედისწერა ადამიანის ბუნებით განისაზღვრება. თემის უკეთ განხილვისთვის მოვიხმოთ ვოლტერის „ოიდიპოს-ტირანის“ მაგალითი.

            ვოლტერი აღნიშნავს, რომ „ოიდიპოს მეფის“ ცენტრალური თემა ბედისწერაა, თუმცა საკვლევი საკითხი ბედისწერის არსი ხდება. სოფოკლე ოიდიპოსს ტირანს უწოდებს. ვოლტერი აღნიშნავს იმას, რომ ბედისწერა გარდაუვალია, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანს, რომელიც იბადება გარკვეულ გარემოში, წინასწარ განსაზღვრული თვისებებით, არ შეუძლია საკუთარ ბუნებას შეეწინააღმდეგოს. ადამიანი თავად ქმნის ბედისწერას, თუმცა ბედისწერა მაინც საკრალურ ფენომენად რჩება, რადგან ზღვარი ნებასა და ბუნებრივ განვითარებას შორის ბუნდოვანია.

            ვოლტერის მიხედვით „ოიდიპოს მეფის“ განხილვის დროს შეიძლება ვიფიქროთ, რომ ოიდიპოსი ცალსახად მსხვერპლია, რომ „არ ცოდნა- არ ცოდვაა“, რომ ის ყველანაირად ცდილობდა ბედისწერისგან გაქცევას, თუმცა რაღაც მანქანების და ღმერთების არაკეთილგანწყობის წყალობით ყველაზე საშინელი რეალობისთვის მოუწია თვალის გასწორება. თუმცა ეს მონეტის ერთი მხარეა. ვოლტერი ყურადღებას ოიდიპოსის ტირანულ ხასიათზე ამახვილებს. ოიდიპოსი მკვლელია, თანაც დაუნდობელი მკვლელი, -ამტკიცებს ვოლტერი. მოხუც, უმწეო კაცს კლავს, მას შემდეგ რაც მსახურებს ამოხოცავს. ამიტომ მისი ბედისწერა არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად „დაუმსახურებელ სასჯელად“ ჩავთვალოთ. ღმერთების დაპირისპირება ადამიანებთან ერთგვარ თამაშს ჰგავს. ბედისწერა იმდენად უნივერსალურია, რომ ოიდიპოსს სჭირდება წინასწარმეტყველების გაგება, რათა აღასრულოს იგი. აუცილებელია მოვიშველიოთ სოფოკლეს უკანასკნელი პიესის „ოიდიპოსი კოლონოსშის“ მაგალითი, სადაც ოიდიპოსი ამტკიცებს, რომ ტრაგედია თავისივე ბრალი იყო.

            საინტერესოა „ოიდიპოს მეფის“ ვერსია, რომელსაც ანდრე ჟიდი გვთავაზობს. კომიკურობამდე აყვანილი ბედისწერის საკითხი - ეს მისი სტილია. სფინქსი წინასწარ კარნახობს ოიდიპოსს გამოცანის პასუხს, რადგან თებეში შესვლა გარდაუვალია. ეს ყველაზე ირონიზირებული ტრაგედიის მაგალითია. სფინქსის გამოცანის ამოხსნა ოიდიპოსს ტრაგიკულ დაცემამდე მიიყვანს.

            მამის მკვლელობა და ინცესტი დედასთან ოიდიპოსის გარდაუვალი ბედისწერაა.  „ეშმაკის მანქანა“ მოქმედებს პიესაში არსებულ ყველა პერსონაჟზე, რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეული პერსონაჟი ბედისწერის მანქანისთვის პატარა, ან დიდ სვლებს ახორციელებს. პიესა მაშინ იწყება, როდესაც ბედისწერა აღსრულებულია. მთელი პიესის განმავლობაში ოიდიპოსი უარყოფის გზით, შემდეგ კი „გამორიცხვის მეთოდით“ მიდის ერთადერთ ლოგიკურ დასკვნამდე - წინასწარმეტყველება შედგა.  

            სოფოკლეს უნიკალურმა ტრაგედიამ, „ოიდიპოს მეფემ“  მთელს შემდგომ დრამატურგიაზე იქონია გავლენა. უნიკალური გახდა გმირის ბედისწერისგან გაქცევის და ამ გზით ბედისწერის სისრულეში მოყვანის პრინციპი. შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ჰ. იბსენის „მოჩვენებების“ სიუჟეტი თავიდან-ბოლომდე ეფუძნება სოფოკლეს „ოიდიპოს მეფეს.“

            ოიდიპოსი გონიერი ადამიანია. მისი სუსტი წერტილები მრისხანება და იმპულსურობაა. სწორედ ამ თვისებებს ესმევა ხაზი „თებეს ტრაგედიების“ შემდეგ პიესაში, „ანტიგონეში“. კრეონი ამბობს, რომ ანტიგონემ ეს თვისებები მემკვიდრეობით მიიღო.

            ნაშრომში განვიხილავ „ოიდიპოს მეფეში“ არსებულ სამ ძირითად სიმბოლოს: სფინქსის გამოცანას, ეპიდემიას და სიბრმავეს.

            მითოლოგიური სფინქსი, რომელიც ლაიოსის სიკვდილის შემდეგ თებეს მოსახლეობას ატერორებდა. (ურჩხული ლომის ტანით და ქალის თავით) ყველას, ვისაც ქალაქში შესვლა, ან ქალაქიდან გამოსვლა სურდა ერთნაირ გამოცანას უსვამდა: „რა არის ის, რაც დილით ოთხ ფეხზე დადის, შუადღისას ორზე, ხოლო საღამოს - სამზე.“ გამოცანის პასუხი ადამიანია. (ბავშვი, ზრდასრული და მოხუცი- ჯოხის დახმარებით.)  სფინქსის აღნაგობა სიმბოლურ ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც მეფის და დედოფლის, ლაიოსის და იოკასტეს სიმბიოზი. (ლომის და ქალის კომბინაცია) გამოცანა, რომელსაც ოიდიპოსმა სწორად უპასუხა, სიმბოლოა ადამიანის უნივერსალური ბედისწერის. სწორედ ამ გამოცანის შემდეგ იხსნება გზა, რომელიც ოიდიპოსისთვის ბედისწერის გარდაუვალ მანქანას აამუშავებს.

            ეპიდემიის სიმბოლიკა მითოლოგიის, იგავის და ხელოვნების ისტორიაში ხშირადაა გამოყენებული. დაწყებული ეგვიპტის წყევლებიდან, დამთავრებული ა. კამიუს „შავი ჭირის“ აბსურდული სიმბოლიკით. ინცესტი ტაბუირებული თემაა. ნაშრომში „ტოტემი და ტაბუ“  ზ. ფროიდი ინცესტის ტაბუირებას განმარტავს, როგორც შიშის გავლენას, რომელიც ინცესტის შედეგად ნაყოფში განვითარებულ სიმახინჯეებს შეეხება. ეპიდემია ღმერთების სასჯელია. სიმბოლური გამოხმაურებაა ღმერთების და მათი სურვილების პატივისცემის მნიშვნელობაზე. იოკასტე და ოიდიპოსი ღმერთების ნების წინააღმდეგ მიდიან, წინასწარმეტყველებას პატივს არ სცემენ. არსებობს ვერსია, რომ ოიდიპოსმა დიდხანს იმეფა მშვიდად და მხოლოდ ორმოცი წლის შემდეგ დაიწყო ეპიდემია. საინტერესოა ღმერთების მოქმედებები ბერძნულ მითოლოგიაში. ზოგჯერ ღმერთები სასჯელებს აგვიანებენ, გადაავადებენ ხოლმე. აქვე უნდა ვახსენოთ ათეიზმის კარგად შენიღბული თემა ოიდიპოს მეფეში. იოკასტეს არ სწამს მისნების, წინასწარმეტყველებების, შეიძლება ვიგულისხმოთ რომ მას არ სწამს ღმერთების. ეს თემა განსაკუთრებით კარგად ჩანს ზემოხსენებულ ანდრე ჟიდის „ოიდიპოსში“, სადაც პოლინიკე და ეტეოკლე ათეისტები არიან. (დედის გავლენით)

            ოიდიპოს მეფე ტრაგიკული დაცემის შემდეგ მიაღწევს სიბრძნეს და აღმოაჩენს იმას, რაც უნივერსალურია. თავს იბრმავებს, ანუ ხდება ბრძენი. რადგან ეს მისი არჩევანია- არ გაუსწოროს თვალი მათ, ვინც საიდუმლოებას ვერასდროს შეიცნობს. ოიდიპოს მეფე საბოლოოდ აღწევს მთლიანობას იმ ძალასთან, რომელსაც ადრე ეწინააღმდეგებოდა.

 

ანა გოგიშვილი











გამოყენებული ლიტერატურა:

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94

https://en.wikipedia.org/wiki/Oedipus_(Voltaire_play)

Comments

Popular posts from this blog

სახელოვნებო მიმართულების სტუდენტების პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ

👉ჩვენ წარმოვადგენთ ქართული კულტურის ახალ თაობას - სახელოვნებო მიმართულებების სტუდენტებს და ვუერთდებით საპროტესტო ტალღას , რომელიც ჩვენს ქვეყანაში რუსული მმართველობის სისტემის შემოღების წინააღმდეგაა მიმართული . ჩვენ არ გვინდა გვქონდეს კანონი „ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ .’, რადგან ის საქართველოს მოქალაქეს იძულებულს გახდის დარეგისტრირდეს უცხოური გავლენის აგენტად ; რადგან ის დაარღვევს შემოქმედების თავისუფლებას და ხელოვანის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას . რადგან მისი მიხედვით შემოქმედს შეეზღუდება საქმიანობა და დადგება უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებული საშიშროების წინაშე . რადგან კანონი აამოქმედებს ცენზურას ; შესაბამისად , აღნიშნული კანონი არღვევს საქართველოს მოქალაქის უფლებებსა და რაც ყველაზე მთავარია - თავისუფლებას . მიგვაჩნია , რომ „ უცხოელი გავლენის აგენტების კანონის “ განხილვა ქვეყნის დემოკრატიას და თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას საფრთხის ქვეშ აყენებს . ეს კანონი ...

სოფო ხუნდაძე: რეცენზია ელენე კალანდარიშვილის სპექტაკლზე "შეზღუდული დაისი"

  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინტერაქტივის ეგიდით გაიმართა დრამის ფაკულტეტის, თეატრის რეჟისურის სპეციალობის IV კურსის სტუდენტის, ელენე კალანდარიშვილი, სადიპლომო სპექტაკლის „შეზღუდული დაისის“ პრემიერა. პიესის ავტორია, პულიცერის პრემიის ლაურეატი - კორმაკ მაკ-კართი. პიესაში პერსონაჟებს სახელები არ აქვთ, ისინი მოხსენიებულნი არიან, როგორც შავი და თეთრი, რაც თავიდან იწვევს განცდას, რომ რასობრივი განსხვავების გამოა გამოყენებული, თუმცა კითხვისას ირკვევა, ე. წ. კოდირებული სახელები მხოლოდ და მხოლოდ მათი ბუნებიდან გამომდინარე არის მისადაგებული, რაც ჩემი აზრით, სარკასტული დამოკიდებულებაა პიესის ავტორის მხრიდან. ტექსტზე მუშაობისას ელენე კალანდარიშვილმა გადაწყვიტა, რომ ერთადერთი სტატუსი, რაც მათ ერთმანეთისგან განასხვავებდათ ყოფილიყო - პროფესორი. აღნიშნული პიესის საფუძველზე, ახალგაზრდა რეჟისორი ეხება ისეთ სენსიტიურ თემას, რომელიც მიუხედავად არსებული საუკუნისა მაინც ტაბუირებულია და მასზე მსჯელობას საზოგადოების დიდი ნაწილი ერიდება. ჭეშმარიტება იქნება თუ ვიტყვი, რ...